პოლონეთმა მოსკოვი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა მოსკოვი კორონავირუსულ კრიზისთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან ნატო-ს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
“პანდემიის დროს დეზინფორმაცია და რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე ნატო-ს შეშფოთების საგანია. რუსეთი კრიზისს იყენებს. რუსეთის დეზინფორმაციული აქტივობა ძალიან ცხადია. ის პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და ყოველივე ეს ალიანსის წევრებს აშფოთებს. ამის მაგალითად შეიძლება, გამოდგეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია”, – აღნიშნა დიპლომატმა და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეახსენა “ფეიკი” იმის შესახებ, რომ პოლონეთმა რუსულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, რომელსაც იტალიისთვის დახმარება მიჰქონდა.
პოლონელი მინისტრის თქმით, მოკავშირეებმა თანამშრომლობის აუცილებლობასა და ერთიანობას გაუსვეს ხაზი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, კერძოდ, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს.
მანამდე, ევროკავშირში განაცხადეს, რომ რუსეთი გლობალურ კრიზისს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს.