კორონავირუსი და ოკუპირებული რეგიონები – რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში

რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მხრივ? რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად? – ეს კითხვები კორონავირუსის პანდემიის ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის.

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. „ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 37 მოქალაქეა გადმოყვანილი.

„დღეის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ჩვენ რაღაც ციფრებს, უბრალოდ, ასე პირდაპირ არ ვაფიშირებთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა მკაფიო და პირდაპირი – არანაირი მნიშვნელობა აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება, რომლის პროცესი დღესაც არ არის დასრულებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს დღეებში დაასრულებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისებისა და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მოქალაქეები როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე -ენგურის მეორე მხრიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობილია, რომ 31 მარტს ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი მკურნალობას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აგრძელებს. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„კვირა“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას ესაუბრა. როგორც გამახარიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან რთული მდგომარეობაა, მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაპანიკებულია.

„ საქმე ისაა რომ, მიუხედავად საგანგებო მდგომაროების გამოცხადებისა, მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია იმით, რომ, ფაქტობრივად, არ სრულდება ის მოთხოვნები, რომლებსაც ითვალისწინებს ეს საგანგებო რეჟიმი, ტარდება ქორწილები, ქელეხები“, – განაცხადა გამახარიამ.

როგორც ჯემალ გამახარიამ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, აფხაზებს რუსეთის დახმარების იმედი არ აქვთ და მათთვის ერთადერთი ხსნა საქართველოა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულების მკურნალი არავინაა. მინდა, გითხრათ, რომ რუხში კლინიკის გახსნას ბევრი აფხაზი გამოეხმაურა დადებითად, რამაც სეპარატისტულად განწყობილი პირების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. აფხაზებმა იციან, რომ ადგილზე სამედიცინო დახმარებას ვერავინ აღმოუჩენს.
რუსეთის იმედი არ აქვთ, რამდენადაც გაკეთდა განცხადება, რომ თუ იქ ვინმეს დაუდასტურდა ვირუსი, ადგილზე უნდა ჩატარდეს მკურნალობა, არავინ გადაიყვანს მათ ფსოუს იქით. ერთადერთი ხსნა არის საქართველო. რუხის კლინიკა, რომელიც გაიხსნა და რომელიც ძალიან ეიმედებათ აფხაზებსა და ქართველებს, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრებენ“, – განაცხადა გამახარიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა.

„ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს.

ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის, გარდა „წითელი ჯვრისა“, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში მოსახლეობას შევუმსუბუქოთ. ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია, და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) -მაც გაავრცელა.  ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის პირობებში, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის წინააღმდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეული შეზღუდვები მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოაცხადეს. შეზღუდვები ოკუპირებულ რეგიონებში 28 მარტიდან შევიდა ძალაში და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. ნებადართულია მხოლოდ შიდა საქალაქო გადაადგილება. დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოქალაქეები, რომლებსაც საბანკო კრედიტი აქვთ აღებული, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეღავათებით ისარგებლებენ. რეგიონის მაცხოვრებლებს მოუწოდეს, ხალხმრავალი საზეიმო და სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარებისაგან თავი შეიკავონ. საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი სერვისებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დატოვონ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია. რეგიონიდან გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების ან მივლინების შემთხვევაში.

ცხინვალისგან განსხვავებით, არსებულ შეზღუდვებს გალში 28 მარტს ე.წ კომენდანტის საათის გამოცხადება დაემატა. აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებულებით, ე.წ კომენდანტის საათის დაწესების უფლება რაიონების ხელმძღვანლებს მიენიჭათ. აღნიშნული რეგულაცია 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 20 აპრილამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, შეზღუდვების ძალაში შესვლისა და სეზონური რესპირატორული ინფექციისგან გამოწვეული გაზრდილი მომართვიანობის შედეგად, გალის რაიონულ კლინიკებში გართულებულია დიაგნოზის დადგენისა და მასზე რეაგირების პროცესი.

„დეფიციტშია როგორც სამედიცინო ინვენტარი, ასევე – პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო მედიკამენტები, რაც აფერხებს ხარისხიან სამედიცინო დახმარებას, ზუგდიდში პაციენტების გადაყვანა კი რიგ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მიმართულებით არ გაატარა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალთან ერთად მყოფი მეორე პაციენტი და ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 30 მარტს გამოვლინდა, თვითიზოლაციაშია რამდენიმე ათეული პირი. ე.წ. სამხრეთ ოსეთში კარანტინში 77 პირი იმყოფება, მათგან ცხრა პაციენტი ცხინვალის, სამი კი ახალგორის საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენი 66 ადამიანი სახლის პირობებში განაგრძობს თვითიზოლაციას. აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე მეთვალყურეობა არ მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში იზოლაციის დარღვევის ფაქტებს ადგილობრივი მოსახლეობა ავლენს“, – ნათქვამია DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები