შუახევში სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება
შუახევში მაღალ რისკჯგუფში შემავალ პირებზე სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება. სასურსათო კალათების დარიგების პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მოხალისეები, მერის წარმომადგენლები, სოფლის თანაშემწეები.
სასურსათო კალათა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებსა და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შუახევის საკრებულოს წევრმა, მირიან აბაშიძემ და მერის წარმომადგენელმა ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ივერი კაკალაძემ მოხელეებთან ერთად დაურიგეს.
სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოყო. 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
სურსათის დარიგების პროცესი უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 775 მოქალაქეს გადაეცემა.