თელავში 2 საკარანტინე სივრცე 91-მა ადამიანმა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტის 2 საკარანტინე სივრცე დღეს, ჯამურად, 91-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები კარანტინში უცხო ქვეყნიდან 14 დღის წინ მიიღეს და საკარანტინე პერიოდი სასტუმროში მყოფ უმრავლესობას ამოეწურა.
როგორც სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მენეჯერმა, ილია საგანელიძემ “რეგიონულ კვირასთან” განმარტა, კორონავირუსზე რამდენიმე პირი გადაამოწმეს, თუმცა კოვიდ-19 არცერთ მათგანს დაუფიქსირდა.

„ჩვენთან, ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები მოხვდნენ. 70 ადამიანიდან დღეს სასტუმრო 61 -მა დატოვა. ისინი სასტუმროში სრულ 14 დღეს იყვნენ და, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს აქ ყოფნის პერიოდში კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – აღნიშნა ილია საგანელიძემ.

“შატო მერეს” მენეჯერის, ლიკა პარწიკანაშვილის განმარტებით, სასტუმროში მოწყობილ საკარანტინე ზონაში 40-მდე მოქალაქეა მოთავსებული, მათგან 30-ს კარანტინის პერიოდი დღეს ამოეწურა და მათ სასტუმრო დატოვეს. მისივე თქმით, “შატო მერეში” მყოფ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საკარანტინე პირობები დადებითად შეაფასა გივი ბიბილეიშვილმა, რომელსაც საინკუბაციო პერიოდი დღეს დაუსრულდა და სასტუმრო უკვე დატოვა.
„17 მარტს ჩამოვფრინდით პარიზიდან და 2 კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი სასტუმროში. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რეალურად, ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და ეს მძიმე პერიოდი, რომელიც ინფექციის მოლოდინს უკავშირდებოდა,  გაგვატარებინეს ძალიან დადებითად“, – აღნიშნა გივი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები