კახეთის რეგიონში მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება მიმდინარეობს
ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა, World Vision საქართველოს მხარდაჭერითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება დაიწყო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა – როსტომ სესიაშვილმა და კახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა – ნანა ათუაშვილმა სოფელ ენისელში სამიზნე ოჯახები მოინახულეს, რომლებსაც სასურსათო კალათები და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.
World Vision საქართველოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში პირველ ეტაპზე ამანათები თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 300 ოჯახს გადაეცემა.