ფოთიდან ბათუმის საკარანტინო სივრცეში 5 მოქალაქე გადაიყვანეს
ფოთიდან ბათუმის საკარანტინო სივრცეში 5 მოქალაქე გადაიყვანეს. მიზეზი ბათუმელი მძღოლია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, ფოთის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა კესო გელენიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბათუმელმა მძღოლმა შესაკეთებლად მიაკითხა ერთ-ერთ სახელოსნოს, სადაც იმყოფებოდა ხუთი პირი.
“ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლი, რომელმაც გაიარა ფოთი ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა, შესაკეთებლად მიაკითხა ერთ-ერთ სახელოსნოს, სადაც იმყოფებოდა ხუთი პირი. მათ მიერ მოხდა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და მძღოლმა გააგრძელა გზა. როგორც შემდგომ დავადგინეთ, ეს მამაკაცი შევიდა სომხეთში , საზღვარზე მას აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ის გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა კორონავირუსი“, – განაცხადა გელენიძემ.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 285 პირია, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 434 პირი. კარანტინში – 162 მოქალაქე რჩება.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირია. კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით 21-მა პაციენტმა დაამარცხა.