ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების სიზუსტესთან დაკავშირებით ინფორმაციის ნახვა „საკანონმდებლო მაცნესა“ და მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი
“კორონავირუსის გამო ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნესა“ და მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შეზღუდვების სიზუსტესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ გამოქვეყნებულია 2020 წლის 30 მარტის საქართველოს მთავრობის დადგენილება №204 და ეს დადგენილება შესაძლებელია იხილოს ყველამ, როგორც “საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე, ასევე საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. აქ განმარტებულია ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს იმ პირობებში, რა საგანგებო პირობებშიც დღეს ვიმყოფებით. კონკრეტული უწყებების მხრიდან გარკვეული დეტალიზაციაა საჭირო და ეს უწყებები ამ დეტალიზაციას მოახდენენ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას თითოეული უწყების, თითოეული სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.