აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეუფერხებლად გაგრძელდება
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნებლისგან შეუფერხებლად გაგრძელდება.
აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა და პრეპარატები. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უკვე დაიწყეს.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ განიხილეს.