ზაურ დარგალი: მარნეულში დღეს კიდევ ვიყავით 1000 ოჯახში და 4500 ადამიანი შევამოწმეთ

პირველი საათის მონაცემებით, ჩვენ ვიყავით 1000 ოჯახში, შევამოწმეთ 4500 ადამიანი აქედან მხოლოდ ერთს ჰქონდა სიცხე 37.2 სხვა კლინიკური მაჩვენებელი არ გამოვლენილა”, – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მერის თქმით, მოსახლეობის შემოწმების პროცესი გაგრძელდება და შემოწმდება თითოეული მოსახლე.

“პროცესი გრძელდება. საღამოს გვექნება უკვე შეჯამებული ინფორმაცია და მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, სკრინინგი 47 000 ადამიანს ჩაუტარდა და, პირველი საათის მონაცემებით, ემატება 4500 ადამიანი.  სიცხე ჰქონდა სულ, დაახლოებით, 35 ადამიანს. 7 ადამიანს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, თუმცა არაფერი დადასტურებულა. ბანკომატებსა და ბანკებთან ხალხმრავლობაა, თუმცა იქ არიან ჩვენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ზედამხედველობის წარმომადგენლები და სრულიად დაცულია ის რეკომენდაციები, რაც ეხება დისტანციას. პირველადი შემოწმება თერმოსკრინინგი მოხდება სანამ არ შევალთ თითოეულ ოჯახში, მარნეულის მოსახლეობა არის 120 000 და უნდა გვქონდეს ამდენივე შედეგი”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ზაურ დარგალმა ასევე, აღნიშნა, რომ  თერმოსკრინინგთან ერთად მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში რიგდება საინფორმაციო ფლაერები, ქუჩებში მოძრაობს ხმოვანი მანქანები და ადგილობრივი მედია ინფორმაციას ორ ენაზე გადასცემს.

“მოსახლეობის ინფორმირება სისტემატიურად ხდება. დღესაც მივიღეთ 8000 ფლაერი, რომელიც დარიგდება მოსახლეობაში. მუდმივად ვარიგებთ გაზეთებს, ფლაერებს. ადგილობრივი მედია არის აქტიურად ჩართული ამ საკითხში და ინფორმაციას გადასცემს ორ ენაზე. ასევე, ხმოვანი მანქანები მოძრაობენ  როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში”, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მე-5 დღეა მკაცრი კარანტინის რეჟიმშია. მუნიციპალიტეტების შესასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები