კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე, რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ კოსტაკემ თანამდებობა დატოვა, – წერს Romania Insider-ი.
მედიის ინფორმაციით, მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ პრემიერმა, ლიუდოვიკო ორბანმა მოუწოდა.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა კორონავირუსზე ბუქარესტის თითოეული მცხოვრებლის შემოწმება მოითხოვა, რაც 2-დან 4 მლნ ტესტის საჭიროებას დააყენებდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთ დღეში 2 ათასზე ნაკლები ტესტი კეთდება.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინეთის საავადმყოფოები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ექიმები და მედპერსონალი იმ პაციენტებისგან დაინფიცირდნენ, რომლებიც დროულად არ იყვნენ შემოწმებული.
ყველაზე მძიმე ვითარებაა სუჩავაში, სადაც ჰოსპიტალი დეზინფექციისთვის დაკეტეს, აქ 80-ზე მეტი ექიმი და მედდა დაინფიცირდა.
26 მარტის მდგომარეობით, რუმინეთში კორონავირუსის 906 დადასტურებული შემთხვევაა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.