ასლან ბჟანია – “აფხაზეთი და საქართველო მოლაპარაკების ორმხრივ ფორმატს საჭიროებენ”
“აფხაზეთი და საქართველო, ჟენევის გარდა, მოლაპარაკებებისთვის ომხრივ ფორმატსაც საჭიროებენ, რომელზეც მცირე, ტრანსასაზღვრო საკითხების მოგვარება იქნებოდა შესაძლებელი”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეულმა ასლან ბჟანიამ, “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“ქართველები და ქართული სახელმწიფო – ჩვენი მეზობლებია. გვინდა ეს თუ არა, მაგრამ მოქალაქეების დონეზე ბევრი კონტაქტი გვაქვს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრობენ, საზღვარს კვეთენ. ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა უჩნდებათ – ჩვენი უამრავი მოქალაქე, სამწუხაროდ, იძულებულია, იქ ჩავიდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისიც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენი პირები შემდეგ საქართველოში იმალებიან. პირიქითაც ხდება. იცით თქვენ, რომ ენგურჰესის ერთობლივ ექსპლუატაციას ვახორციელებთ. ესეც კონტაქტების გარკვეული დონეა”, – აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, ამგვარი საკითხების განხილვისა და მოგვარებისთვის, მოლაპარაკებათა ფორმატი შეიძლება, იყოს განსხვავებული. ეს შეიძლება, იყოს არა ჟენევის მსგავსად შორს მდებარე ადგილი, არამედ აქვე, თუნდაც საზღვართან, ან კიდევ სხვაგან – ასეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდება.
ბჟანიას თქმით, აფხაზეთი, საქართველოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან მინიშნებებს ღებულობს, რომ საქართველოს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გაცილებით ინტენსიური დიალოგის დალაგება სურთ.
ამასთანავე, დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული ბჟანია იმასაც ამბობს, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, როგორც ახალი რეალობა, რომელიც 1992-93 წლების ომის შემდეგ შეიქმნა. “შეიძლება დაღუპული ადამიანების დაბრუნება? არა. ასევე შეუძლებელია ერთიანი საქართველოს დაბრუნება”, – ამბობს ბჟანია.