სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა(ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე. წ. გვირაბში გამოავლინა 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

„დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სრული დატვირთვით განაგრძობს საქმიანობას, ყოველდღიურად ამოწმებს აგრარულ ბაზრებს, სასურსათო და სავაჭრო ობიექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები