დავით სონღულაშვილი BP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრითიშ პეტროლიუმის (BP) საქართველოს ოფისის დირექტორს აითან ჰაჯიევას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა BP-ისა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

„BP-თან თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული. სამინისტროსა და კომპანიას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, ისე მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, BP საქართველოში საქმიანობის 30 წელს აღნიშნავს და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. BP რეგიონს არ ტოვებს, პირიქით, საქართველოში და მთლიანად რეგიონში საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს. ჩვენ ვრჩებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემის პარტნიორებად და ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვას“, – აღნიშნა აითან ჰაჯიევამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით და საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის ტყის აღდგენისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ BP აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან როგორც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ისე გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროექტების განხორციელების კუთხით.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები -გიორგი წკრიალაშვილი, ზურაბ ეზუგბაია და ბრითიშ პეტროლიუმის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები