„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დისპეტჩერები ოფისიდან გაუსვლელად მუშაობენ

0

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. ამის შესახებ “კვირას” სსე-იდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, სსე-ის სათავო ოფისში განთავსებულია ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე, მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს. სწორედ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უწყვეტი და უსაფრთხო ენერგომომარაგება. ამ ყველაფრის უკან კი სსე-ის დისპეტჩერები დგანან, რომლებიც რთულ ვითარებაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ენერგეტიკული სისტემა გამართული იყოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდეს.

საფრთხეების მინიმიზაციის მიზნით, 11 მარტს,“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” მიიღო გადაწყვეტილება, დაკვირვების პერიოდის გავლის შემდეგ, დისპეტჩერების ოფისიდან გაუსვლელად მუშაობის შესახებ. 23 მარტიდან კი სსე-ის დისპეტჩერები ორი კვირის განმავლობაში, ოფისიდან გაუსვლელად, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ!

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა და ჩვენც, თითოეული მისი მოქალაქე, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ქვეყანას გამართულ ფუნქციონირებაში.

კომენტარები

კომენტარი