ჩხოროწყუს მერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორსა და უბნის ექიმებს შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე – ბესიკ ესებუა, კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორსა და უბნის ექიმებს შეხვდნენ.
შეხვედრას, ასევე, მერის მოადგილე – ვალერი თოდუა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პიროვნებებზე, რომლებსაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებათ, შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ზედამხედველობა და მკაცრი კონტროლი, ამ ეტაპისთვის ჩხოროწყუში COVID 19- ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოადგილე, ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.