„ყველანი ფანჯარასთან“ – 25 მარტს, ,,დანტეს საერთაშორისო დღეს“, ქართველი ხალხი სოლიდარობას გამოუცხადებს იტალიას

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში მარიამ ბოჭორიშვილი უერთდება დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის ცენტრალური კომიტეტის ინიციატივას და დანტეს თბილისის კომიტეტთან ერთად 25 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მართავს ფლეშმობს, რომელიც მიეძღვნება დანტე ალიგიერის დაბადების დღეს.
„ერთად ავღნიშნოთ გენიალური იტალიელი მწერლის დაბადების დღე!
ამ მძიმე ჟამს ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს მთელს იტალიას!
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ რომის სათავო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც ეძღვნება უზენაესი იტალიელი პოეტის შემოქმედების გვირგვინის, უკვდავი პოემის- ,,ღვთაებრივი კომედიის“- წაკითხვას. რატომ? 2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა უზენაესი იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე, კერძოდ 25 მარტი, როგორც ,,დანტეს საერთაშორისო დღე“.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომები საშუალებას არ იძლევა, ,,დანტეს საერთაშორისო დღე“ პირველად აღვნიშნოთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მაშინ, როცა დანტე და მის მიერ შექმნილი სიყვარულის სადიდებელი ოდა – ,,ღვთაებრივი კომედია“ – ყველას გვაერთიანებს.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება“ მოგიწოდებთ ფანჯარასთან, ან საკუთარ აივანზე წაიკითხოთ ,,ღვთაებრივი კომედიიდან“ ჯოჯოხეთის V ქების პირველი ორი სტროფი, ტერცინები, რომლებშიც დანტე პაოლოსა და ფრანჩესკას მაგალითზე გვიჩვენებს, რომ სწორედ სიყვარული არის ის ძალა, რომელიც ყველაფერზე იმარჯვებს.
ერთად აღვნიშნოთ გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე, ჩვენც შევუერთდეთ ფლეშმობს და მსოფლიოს სხვა ხალხებთან ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა იტალიისადმი ამ მეტად მძიმე მომენტში იტალიური ენის ,,მამად“ წოდებული პოეტის შემდეგი არაჩვეულებრივი სტრიქონებით:

Amor, ch’al cor gentil ratto s’apprende,
prese costui de la bella persona
che mi fu tolta; e ‘l modo ancor m’offende.
Amor, ch’a nullo amato amar perdona,
mi prese del costui piacer sì forte,
che, come vedi, ancor non m’abbandona.
[Dante Alighieri, Divina Commedia, Inf., V canto]
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი“, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან თანამშრომლობით, უერთდება ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას და ოთხშაბათს, 25 მარტს, იტალიის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ,,დანტეს დაბადების დღისადმი“ მიძღვნილ ფლეშმობში.
მათ, ვინც იტალიურად ვერ შეძლებს ამ ცნობილი სტრიქონების წაკითხვას, ვურჩევთ კონსტანტინე გამსახურდიასეული ,,ღვთაებრივი კომედიის“ პოეტური თარგმანიდან იგივე სტროფების ქართულ ენაზე წაკითხვას:
,,და ჩემი გული აღვსილია აწ განძარცული
ჩემი სხეულის უკურნებელ სიყვარულითა
არ ინდობს არცერთ შეყვარებულს თურმე ამური
და მეც დამათრო სიყვარულმა ისე უწყალოდ,
ისე მომხიბლა მე მიჯნურის ბედნიერებამ,
რომ შენც კი ხედავ, განუყრელად შევრჩით ერთმანეთს
და გაგვიტაცა სიყვარულმა ჩვენ ორივენი“…
25 მარტს იტალიის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ ,,დანტეს დაბადების დღისადმი“ მიძღვნილ ფლეშმობში, რათა წაიკითხოთ ზემოთ მოყვანილი ტაეპები (იტალიურად ან ქართულად)“, – აღნიშნულია  საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები