,,დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ – გამოფენა გაიხსნა
დავითობის დღის აღსანიშნავად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება მეფე დავით IV აღმაშენებლის ცხოვრებასა და სახელმწიფოებრივ-კულტურულ მოღვაწეობას და მიზნად ისახავს მისი ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობის წარმოჩენას.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის ავტორობით შექმნილი თხზულება „გალობანი სინანულისანი“, აგრეთვე მის გამეფებამდე გადაწერილი სასულიერო კრებულები, რომლებშიც დავითი მოხსენიებულია მამასთან, მეფე გიორგი II-სთან და მამიდასთან, ბიზანტიის იმპერიის დედოფალ მართა-მარიამთან ერთად. ექსპოზიციაში ასევე გამოფენილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა, ერთ-ერთი ადრეული ისტორიული საბუთი, სადაც მეფე დავითი „აღმაშენებლის“ ტიტულით არის მოხსენიებული, და სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერი ძეგლები.
გამოფენა 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის პარალელურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობისათვის ქართული ხელნაწერი კულტურისა და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია.