მარტვილში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიასთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით  ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, კორონავირუსთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში და ადმინისტრაციულ შენობებში შპს ,,ჰიგია“-მ  განახორციელა.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

მარტვილის  მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეების  ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან რისკჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს. ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები