არჩილ ჯაფარიძემ ცაგერში სავაჭრო ობიექტები დაათვალიერა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ უგრეხელიძესა და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს თავმჯდომარესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად ცაგერის სასურსათო სავაჭრო ობიექტებს ესტუმრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.
მხარის გუბერნატორი სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მარაგებისა და ფასების მდგომარეობას გაეცნო.
როგორც “რეგიონულ კვირას“ არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, შესამჩნევია, რომ დახლები ყველგან სავსეა მარაგით და განსაკუთრებული ფასთა მატება არ შეინიშნება.
“ჩვენ ვინახულეთ მსხვილი სავაჭრო ობიექტები, დავინტერესდით მარაგებითა და ფასების მდგომარეობით. ზოგადად, საზოგადოება ამ გამოწვევას ჩვენს მხარეში დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. არ იგრძნობა პანიკა, არ მოხდა მოსახლეობის მხრიდან ერთდროულად ბევრი პროდუქტის მომარაგება. მათ ესმით, რომ თუ შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სტრუქტურები გვაწვდიან, ყველა ერთად დავძლევთ ამ პრობლემას. ჩვენი რეგიონი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო რეგიონად მოიაზრება, შეამჩნიეთ, ალბათ, რომ მოსახლეობის რაოდენობამ ამ დღეებში მხარეში მკვეთრად იმატა, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების შესრულება, რომელსაც ეს გამოწვევა მოითხოვს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მხარის გუბერნატორის თქმით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, მოსახლეობის შემოდინებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი და სამხარეო სამსახურები განსაკუთრებული პრევენციის ზომებით ხვდებიან.
“იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება საზღვარი, რაც შეეხება ჩვენთან სოფლებში შემოსულ ადამიანებს – მუნიციპალიტეტის მერი, მერის წარმომადგენლები, დეპუტატები, უბნის ექიმები და ექთნები სრულიად აკონტროლებენ მათ ტერიტორიებს. არის მუდმივი კომუნიკაცია, აცნობენ სიახლეებს, რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, რათა მყისიერად მოხდეს რეაგირება. იმედია, არაფერი გამოგვეპარება და ერთად დავძლევთ ამ საფრთხეს“, -დასძინა არჩილ ჯაფარიძემ.
ერთ-ერთი სუპერმარკეტის მეპატრონის, მზია ნემსიწვერიძის განცხადებით, მან ადრიანად დაიჭირა თადარიგი, რათა მოსახლეობას პროდუქციის ნაკლებობა არ ეგრძნო და არც მას შექმნოდა პრობლემები.
“ვცდილობთ, რომ მომარაგება კარგად გვქონდეს, ფასები საგანგაშოდ არ გაზრდილა, სულ რაღაც 20 თეთრით გაიზარდა ზოგი კვების პროდუქტის ფასი, მე შაქარი ცოტა ადრე მქონდა შემოტანილი და არ მისარგებლია არსებული მდგომარეობით, ამიტომ ძველ ფასში ვყიდი. გარდა ამისა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ როგორც ჩვენი მომმარაგებლები გვამშვიდებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს“, -განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ.