ცერცვაძე: გამორიცხული არაფერია, ნებისმიერ რაიონში, ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, შესაძლოა მოხდეს ის, რაც მარნეულში მოხდა
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართევლოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, შესაძლოა, თუ არა, უკვე თბილისი ან სხვა რომელიმე რეგიონი, საკარანტინო ზონად იქცეს – ამ შეკითხვებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერის” ეთერში უპასუხა.
“ყველას გვინდა, რომ ეს არ მოხდეს და სწორედ ამიტომ იჩქარა პრემიერმა და მყისიერად გამოაცხადა საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები მარნეულში და ბოლნისში, რომ ეს პრეცედენტი არ გავრცელდეს დანარჩენ საქართველოზე და პირველ რიგში, თბილისზე. ეს, იმიტომ, რომ სწორედ თბილისშია ძალიან დიდი რაოდენობა იმ პირების, ვინც მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, ან ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის კონტაქტი მათთან. გამორიცხული არაფერი არ არის, მოდით ასე ვთქვათ- იმიტომ, რომ ნებისმიერ რაიონში, ნებისმიერ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი.
ჩვენთან საქართველოში ყველაფერი, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება ყველაფერი კეთდება, რაც ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება ან ზოგჯერ, აღემატება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები როგორიც მარნეულში იყო, დარჩეს ერთეულ კერად,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თამუნა შეყილაძე