თენგიზ ცერცვაძე: საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხისშემცველია

“ის ღონისძებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხისშემცველია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან ეკლესიამ “უკეთ იცის, რისი გაკეთების უფლება აქვს”.

“ვერანაირად ვერ ჩავერევი ეკლესიის კომპეტენციაში, ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას აქვს თავისი კონსტიტუცია, ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. მან უკეთ იცის, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა. ამიტომ, მე ვერ გავცემ ვერანაირ ოფიციალურ რეკომენდაციას ეკლესიისა და რელიგიური რიტუალების მიმართ”, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ რელიგიური რიტუალების ნაწილი, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხისშემცველია.
“მოგახსენებთ ჩემს პირად პოზიციას, როგორც პროფესიონალის – დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე, ვთქვათ, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები