მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს

“შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს”, – ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბირიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს.

“ამ დროისათვის, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254. მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა, ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუწოდებდით გავრცელების ახალ, შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებულნი, სინამდვილეში, დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრის თქმით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი”, რომელშიც მოთავსებული იყო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე.

„კლინიკა, დღეის მდგომარეობით, არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის კლინიკა” მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ნაბიჯების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ის გაატარებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებასა და სამოქალაქო თვითშეგნებაზე.

„ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ – ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სხვა მედიასაშუალებებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნელყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხაზგასმით ვამბობ – ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” საშუალებით და „საზოგადოებრივ მაუწყებელს” ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

„პრემიერის აპარატისა და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანოები, მუნიციპალიტეტებში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.

„ხვალ დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად.

„ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების ვალდებულება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად და, პირველ რიგში, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას,”- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები, ან თამამები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს.

„ჩვენ, უკვე, რამდენიმე დღეა, დაახლოებით ერთი კვირაა ვამბობთ და ვცდილობთ, გავაფრთხილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომ როდესაც ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს იმ შეზღუდულ რესურსზე, უბრალოდ სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების წყარო, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები, ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენს გვერდზე მდგომი ჩვენი ოჯახის წევრის, მეზობლის, ჩვენი თანამოქალაქის, კოლეგის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ჯანმრთელობასა და მომავალზე,”- აღნიშნა პრემიერმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები