გიორგი გახარია: როდესაც მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები, ან თამამები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანებს

“როდესაც მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები, ან თამამები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

“ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, დაახლოებით, ერთი კვირაა, ვამბობთ და ვცდილობთ, გავაფრთხილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომ, როდესაც ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს იმ შეზღუდულ რესურსზე, უბრალოდ, სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების წყარო, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები, ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და იზრუნონ არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, არამედ –  გარშემომყოფებზეც.

„მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენს გვერდზე მდგომი ჩვენი ოჯახის წევრის, მეზობლის, ჩვენი თანამოქალაქის, კოლეგის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ჯანმრთელობასა და მომავალზე”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები