ივლიანე წულაია: მინდა მოვუწოდო თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, შეუნარჩუნოს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური
„დღეს, ამ კრიზისულ ვითარებაში, ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს, ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ბევრი ბიზნესი დროებით დაიხურა, ბევრი ალბათ, სამწუხაროდ, სამუდამოდ. მინდა მოვუწოდო თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიზნესი გაჭირვებაშია, შეუნარჩუნოს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ივლიანე წულაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია „არქიმ”, რომლის დამფუძნებელიც თავად არის, ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული თუ უშუალოდ მშენებლობაზეა არიან დასაქმებული, სამსახურები და ხელფასები შეუნარჩუნა.
„მე, როგორც ბიზნესის მფლობელმა, კომპანია „არქის” დამფუძნებელმა და ჩემმა პარტნიორებმა – ზაზა ფაჩულიამ და ებრაელმა პარტნიორმა, ამ საგანგებო ვითარებაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ „არქის” ოფისის სამსახურების 95% დისტანციურ მუშაობაზეა გადასული და მხოლოდ მშენებლობებზე დასაქმებულები იმუშავებენ არადისტანციურად, შევუნარჩუნოთ სამსახურები და შევუნარჩუნოთ ხელფასები. მე, მესმის თითოეული ბიზნესმენის, ზუსტად ვიცი რა გაჭირვებაა და მოგიწოდებთ, სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, სამსახურები, ხელფასები. ეს თქვენი კომპანიების გუნდებისთვის ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ პრობლემებს”, – აღნიშნა ივლიანე წულაიამ.