ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები , მთელი ქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელ ადგილებზე მარტოხელა , ხანდაზმულ ადამიანებს სასურსათე პაკეტებს მიუტანენ.
“ახლა, როცა უკვე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეზღუდული აქვს გადაადგილების საშუალება, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ თვითონ მივიდეთ და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გადავცეთ საკვები პროდუქტები”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს. ეს კომპანიებია: მაღაზიათა ქსელი ,,ფემილი”, „ ლიდერფუდი” , „ მაგნიტი” , შპს „ფარმა”, შპს „მზიური”, შპს ,,არგო” , შპს “ანი” ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლა”, ,,დეილი”, ,,ელვა”, ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგო” , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანება. სასურსათო ამანათები უკვე დარიგდა საფიჩხიის და გუმათის ტერიტორიულ ორგანოებში, პროცესი გრძელდება და 600-ვე მარტოხელა, ხანდაზმული მოქალაქე მათთვის განკუთვნილ ნობათს მალე მიიღებს.