ალექსანდრე თვალჭრელიძე: შიდა პოლიტიკა ჩვეულ კინკლაობას აღარ დაუბრუნდება, ვინც ამას ვერ მიხვდება, მოკლული პაიკივით განიდევნება პოლიტიკური დაფიდან
„ჩემი აზრით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო შეუქცევადად შეცვალა, ის პანდემიის შემდეგ ვეღარასოდეს ისეთივე ვეღარ იქნება, როგორც ჯერ კიდევ იანვარში იყო. საზოგადოება, ადამიანები, მთავრობები დაფიქრდნენ იმაზე თუ როგორ უნდა შეეწყოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული თავისუფლება უსაფრთხოების მოთხოვნებს“, – ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე თვალჭრელიძე აცხადებს.
„მოდით ვთქვათ გულახდილად – პრინციპში, უსაფრთხოების მოთხოვნებმა, რომლებსაც, ცალსახად აღვნიშნავ, მე უპირობოდ ვეთანხმები, ხომ შელახა ჩვენი ფუძემდებლური უფლებები და ის სივრცე, ის ეუკუმენა, რომელსაც ჩვენ ინსტინქტურად ჩვენ საარსებო არეალად აღვიქვამდით, ანუ პრინციპში მთელი დედამიწა, დრამატულად შეკუმშა და ჩვენი ბინების გარე კედლებით შემოფარგლა. რა თქმა უნდა, პანდემია ჩაივლის, ჩვენ მას მოვერევით და გავაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ ჩვენს სულში, ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს მენტალიტეტში, ჩვენს მსოფლმხედველობაში რაღაც უკვე შეუქცევადად შეიცვალა. ჩვენ გაცილებით უფრო ფრთხილები და წინდახედულები ვიქნებით. მადლობა ღმერთს, რომ გვყავს ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე. მაპატიონ სხვებმა, მათ არ ვიცნობ, მაგრამ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა მთავრობამ პრემიერის მეთაურობით, რომელსაც თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია და ნამდვილად ავლენს ქვეყნის მეთაურისთვის აუცილებელ თვისებებს, ვთქვათ, იტალიისა და საფრანგეთის მთავრობებისგან განსხვავებით, თავიდანვე დაუჯერა პროფესიონალებს და ხისტი ზომები ცხოვრებაში გაატარა. ამიტომ ჩვენ უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და მთავრობის სინერგიული ქმედებების წყალობით ჯერ-ჯერობით ფართომასშტაბიან ეპიდემიას ვაკავებთ და ბევრი ჩვენზე უფრო განვითარებული და მდიდარი ქვეყნის მაგალითიც გავხდით, ისეთი ქვეყნების, რომლებსაც ჩვენი ჭკუის სწავლება ასე უყვართ. მაგრამ ამ ქმედებებს ხალხის მხარდაჭერა, სოციალური თანადგომა და პასუხისმგებლობა ჭირდება“, – ალექსანდრე თვალჭრელიძე.
წყარო: www.interpressnews.ge