მარინა ეზუგბაია: სამი პრობლემური პაციენტი გვყავს
“თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ფასდება, როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში სამი პრობლემური პაციენტია, მეოთხესთან მდგომარეობა დასტაბილურდა.
„პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ორი ასაკოვანი და ერთი მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება, გართულებები არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. მეოთხე პაციენტი, რომელიც არის მძიმე პნემონიით, იქ უკვე სტაბილურია სიტუაცია და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან. უკვე შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი პაციენტი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.
ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი ადამიანი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც გაირკვა, აღნიშნული მოქალაქე თვითზილაციაში იმყოფებოდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, შემთხვევა შემოტანილია ესპანეთიდან.