პაატა იმნაძე: ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათში გვქონდეს

“აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორ დღეს ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს”,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძის თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსზე ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად კეთდება, ვიდრე – უფრო მდიდარ და განვითარებულ ქვეყანებში.

„სამწუხაროდ, უკვე ამ ეტაპზე შეიმჩნევა პანიკური მომართვიანობა ტესტების გასაკეთებლად, მაგრამ, მოდით, ყველა რეალისტები ვიყოთ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად კეთდება, ვიდრე –  ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში. არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც ტესტის პასუხს დღეები ელოდებიან. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს.
რაც შეეხება სწრაფ ტესტებს – მისი ყველაზე კარგი გამოყენების გამოცდილება კორეას აქვს და, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ, დაავადების გავრცელების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც გავრცელება გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე დღეს არის და საზოგადოებაში ინფექცია გაჩნდება, შეიძლება, გამოვიყენოთ ის ტაქტიკა, რომელიც კორეამ გამოიყენა, რათა საზოგადოებაში გავრცელების დროს შემთხვევები დროულად აღმოვაჩინოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები