ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ, ყველა ერთად აუცილებლად დავამარცხებთ კორონავირუსს
„დღეს ერთიანობის დროა, დღეს ყველამ ერთად უნდა ვძლიოთ ეს სენი, უარესიც ყოფილა, მაგრამ არ დავმარცხებულვართ”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ყველას, ვინც 21-ე საუკუნის ამ საშინელი სენის დასამარცხებლად იბრძვის.
„საქართველო გაიმარჯვებს!
დიახ, საქართველოსა და მისი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!
ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი საშინელება და გასაჭირი გადაგვიტანია: გვართმევდნენ ენას, გვართმევდნენ მამულს, გვართმევდნენ სარწმუნოებას… გვინგრევდნენ ეკლესიებს თუ სახლებს, გვიკლავდნენ და გვტაცებდნენ საჯიშე გოგო-ბიჭებს, წაგვართვეს ძირძველი მიწები… გვეომებოდნენ ხმლით, შუბით, ავტომატებით, ტანკებით თუ თვითმფრინავებით, გვეომებოდა ყველა შინაური თუ გარეშე მტერი… მაგრამ ვერ დაგვამარცხეს, ვერ დაგვაჩოქეს, მაინც ვართ და ვიქნებით, მაინც ვვითარდებით, მაინც ქართულად ვსაუბრობთ, ქართულ მიწაზე ვცხოვრობთ და მაინც ჩვენს სალოცავებში ვლოცულობთ…
დღეს, როცა კორონავირუსმა მსოფლიოს შემოუტია და საქართველოსაც მოადგა, ყველაზე მეტად გამოჩნდა ჩვენი ქართველობაც, კაცობაც, ქალობაც და სამოქალაქო პასუხისმგებლობაც: ცოტა უხერხული ხომ არაა, როცა გვიწევს იმაზე საუბარი, ქუჩაში ნაგავი არ დაყარო, რომ თვითჰიგიენას მიხედო ან თვითიზოლაციიდან არ გაიპარო, რომ სხვას არ გადადო სენი… სიტუაციით არ ისარგებლო და თვითნებურად არ გაზარდო ფასები, ამ დროს პოლიტიკური ქულების დაწერაზე არ იფიქრო, ან თვითონ არაფრის მაქნისმა პერიოდულად არ იქილიკო და არ ლანძღო ის ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმი ლამისაა მთელმა მსოფლიომ აღიარა…
მე კი ასე გეტყოდით, რომ დღეს ერთიანობის დროა, დღეს ყველამ ერთად უნდა ვძლიოთ ეს სენი, უარესიც ყოფილა, მაგრამ არ დავმარცხებულვათ… და კიდევ ერთხელ მადლობა, ხელისუფლებას ძალიან ოპერატიულად და ღირსეულად, რომ მოქმედებს, მადლობა ექიმებს, რომ არა მათი მაღალი პროფესიონალიზმი, კაცმა არ იცის, რა შედეგი გვექნებოდა, მადლობა სამართალდამცველებს, კვლავაც რომ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, მადლობა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტექპერსონალს, ყველას, ვინც ოპერატიულად და მიუკერძოებლად გვაწვდის ინფორმაციას, მადლობა განათლების სფეროს წარმომადგენლებს, პროფესორებს, მასწავლებლებს, ტექმუშაკებს ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელებისთვის, მადლობა აფთიაქისა თუ მაღაზიის თანამშრომლებს, ავტობუსების მძღოლებს, მეტროს თანამშრომლებს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ყველა ღირსეულ ადამიანს… უღრმესი მადლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა რელიგიურ წარმომადგენლობას, მრევლის გამხნევებისა და საქართველოსთვის აღვლენილი ლოცვისთვის!.. ჩვენ, ყველა ერთად, აუცილებლად დავამარცხებთ კორონავირუსს, ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ ძლიერები ვართ!
ყველას ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.