რუსეთის საკონსტიტუციო სივრცის კატასტროფა გარდაუვალია
რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ვლადიმერ პუტინმა ხელი ზარზეიმით მოაწერა. ამ ცვლილებების ძალაში შესვლა საყოველთაო ხმის მიცემის შემდეგ მოხდება, რაც, წესით, 22 აპრილს უნდა ჩატარდეს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, საპრეზიდენტო ვადების განულებაა, რაც ვლადიმერ პუტინს, რომელიც ქვეყანას 20 წელია, მართავს, Вечный Путин-ად გადააქცევს. არადა, ის ასეთ პატივს სულაც არ ელოდა! ეს იდეა ყოფილ კოსმონავტ ქალს-ვალენტინა ტერეშკოვას თავში უეცრად მოუვიდა და დუმის ტრიბუნიდან ის მაშინვე გაახმოვანა… ოღონდ მისი გამოსვლის სიტყვები უკვე წინასწარ იყო დაწერილი ფურცელზე… რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ასეთმა წინადადებამ გააოცა, „სპონტანურად“ და „მოულოდნელად“ დუმაში მივარდა და სპონტანურივე მადლობები იხადა…ოღონდ ფურცელზე წინასწარ ჰქონდა ტექსტი დაწერილი…აწი, მას უფლება აქვს, კიდევ ორი ვადით იყოს არჩეული და პრეზიდენტის დამღლელ პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს. ეს უფლება ახლა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.
11 მარტს დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა: ტერეშკოვას ცვლილება რომ არ მიგვეღო, უმძიმეს შედეგებამდე მივიდოდით.
იმავე ოპერიდან აღმოჩნდა პუტინის სურვილი, არა მარტო კონსტიტუცია შეასწოროს, არამედ – მისი შეცვლის წესებიც კი. ის ერთგვარად „მორცხვი გიმნაზისტკას“ პოზაში დადგა, რადგან განაცხადა, რომ თუკი რუს ხალხს მისი პრეზიდენტობა არ უნდა, მაშინ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს. ამის გამოცხადების უფლებაც არ ჰქონდა, ამიტომ კიდევ ცალკე ახალი პუნქტი გაწერეს. შემდეგ, პუტინმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, რათა მაქსიმალური „ლეგიტიმურობა“ მიეღო. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დადებითი დასკვნა უკვე დადო. ეს არავის გაკვირვებია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს ლოიალურობის შესახებ ყველასთვის ცნობილი ფაქტი იყო.
„ნოვაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოსი ილია შაბლინსკი ამბობს: ვხედავთ, თუ როგორ მოხდა პრეზიდენტის უფლებამოსილებების მორიგჯერ უხეში გაძლიერება და საპრეზიდენტო ხელისუფლების შეკავების უკანასკნელი ბარიერის ნგრევა. მისი აზრით, სახელისუფლებლო ინსტიტუტების უმრავლესობა უკვე გადავიდა ერთი ადამიანის კონტროლქვეშ მუშაობაზე, ამ რეალობას კი კონსტიტუციის ახალი ვერსია მხოლოდ აკანონებს. ინტერვიუში ის ამბობს, რომ რუსეთის მთავარი საკონსტიტუციო სივრცის კატასტროფა გარდაუვალია. ასევე, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დამატებით უფლება მიიღო, რაიმე დარღვევის გამო, უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები სამსახურიდან დაითხოვოს, ასეთი უფლება კი მსოფლიოს არცერთი არსებული კონსტიტუციით არცერთ პრეზიდენტს არ აქვს. ფინიში, ამის იქეთ, უბრალოდ, არაფერია….
ამასობაში, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე 22 აპრილის საყოველთაო რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელიც პანდემიის ფონზე უნდა ჩატარდეს. კვირის დასაწყისში, რუსეთში კოვიდ-19 -ით დაინფიცირების 93-ე ოფიციალური შემთხვევა დაარეგისტრირეს. 24 საათში 30 ადამიანით მეტი დაავადდა. ცნობილია, რომ 21 მარტიდან 10 აპრილამდე ყველა საჯარო სკოლა კარანტინზე გადავა, არადა სწორედ ამ სკოლების შენობები გამოიყენება საარჩევნო სივრცეებად. პოლიტოლოგი აბას გალიამოვი ამბობს: არავინ მივა საარჩევნო უბნებზე და მთელი ეს ჩანაფიქრი ჩავარდება. კრემლი ვერ მიიღებს ვერანაირ კარტ-ბლანშს პუტინის ვადების განულებაზე. მას არ ექნება საშუალება, თქვას, რომ „ხალხმა ასე გადაწყვიტა“.
აშკარაა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს ყველა, რომ კრემლი ქმნის დემოკრატიული, სტაბილური ფორმაციის სახელმწიფოს, თუმცა ბოლოდროინდელი კონსტიტუციური ცვლილებები ცხადყოფს, რომ ეს „სისტემა“ მხოლოდ ილუზიაა, რათა იმავე რუსულმა ოლიგარქიულმა ელიტამ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ვლადიმერ პუტინი ამ ილუზიას იყენებს საკუთარი ხალხისა და დანარჩენი მსოფლიოს მოსატყუებლად, მათ შორის, კრემლს სურს, მოატყუოს საქართველოს მოქალაქეებიც, რათა მიაღწიოს პროდასავლური განწყობების შეცვლას და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების სურვილი გააჩინოს.
ფაქტია, რუსეთი არ ქმნის სახელმწიფოებრივი მართვის რაიმე ისეთ მოდელს, რომელიც შეიძლება, იყოს სანდო, თუნდაც, პარტნიორი სახელმწიფოსთვის. უფრო მეტიც, რუსეთის კონსტიტუციური მოდელი მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ დამალოს არადემოკრატიული ხელისუფლების უაღრესად არაპოპულარული ქმედებები. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციის ახალი კონსტიტუცია იმ საბჭოთა კონსტიტუციის ანალოგია, რომელიც 1936 წელს მოქმედებდა. ეს კი არაფერია, თუ არა მანიპულაციის ყველაზე ცინიკური ფორმა, რომლის მიზანი რუსული დიქტატურის გაღრმავებაა.
ლეილა ახობაძე