„თუ ვინმეს კითხვები ექნება ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, შეუძლია ევროსასამართლოს მიმართოს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრალდებულ ოპოზიციონერებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წევრები ჩვენ თვალწინ ადგენდნენ შავ სიებს საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან.
„ყველაფერი რაც გუშინ გენ. პროკურორის მხრიდან მოვისმინეთ, ჩვენ თვალწინ ხდებოდა. არ ხედავდით როგორ ადგენდნენ შავ სიებს საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან; არ ხედავდით როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში საქაღალდეებით და თან ტრაბახობდნენ, რომ უნდათ შავი სიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს, იმისთვის, რომ საქართველო თავდასხმის ობიექტი იყოს. ეს ყველაფერი გამჭვირვალე პროცესია. თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ხომ მიმართეს, თან რამდენჯერ: რუსთავი 2-ზე მიმართეს – დამარცხდნენ, სააკაშვილზე მიმართეს, – დამარცხდნენ, მელიაზე – დამარცხდნენ, გვარამიაზე – დამარცხდნენ, ყველაფერზე დამარცხდნენ ისინი და მათი აქ მყოფი მხარდამჭერი ელჩები და უცხოელი დავალების მიმცემები. რამე პრეტენზია ექნებათ, არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება? მიმართონ სტრასბურგს და იქაც რომ დამარცხდებიან მერე მოიხადონ ბოდიში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.