ლევან მახაშვილი – რამდენიმე სენატორის და კონგრესმენის წერილზე: ამ წერილის ერთადერთი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ხელის შეშლა
„ამ წერილის ერთადერთი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ხელის შეშლა,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოში ყველა არის თავისუფალი აკეთოს თავისი საქმე თუმცა ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და კანონის შესაბამისი. როდესაც ხდება კანონის გვერდის ავლით გარკვეული ქმედებების გატარება, რა თქმა უნდა უწყებებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება. სხვა მხრივ, ეს წერილი ემსახურება მიზანს, რომ კვლავ ცრუ ბრალდებებით მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს ერთი და მეორე, ხელი შეუშალონ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვას. სხვა არანაირი მიზანი და შედეგი ამ წერილს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.