კორონავირუსი და ღვთისმსახურება – რა ცვლილებებია სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წესებში
კორონავირუსის გამო მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რელიგიური კონფესია იძულებული გახდა, ღვთისმსახურებაში დროებით ცვლილებები შეიტანოს. ასე მოხდა საქართველოშიც.
მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ზიარებისას უნდა გამოიყენონ თუ არა საერთო კოვზი? – ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ბოლო დღეების განმავლობაში მწვავე დისკუსია მიმდინარეობს.
აზრი იყოფა თავად სასულიერო პირებშიც. გუშინ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს.
“პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დროა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემისა. მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს: ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი – წესისთვის. ამ შემთხვევაში, როცა ზიარებაზე ვლაპარაკობთ, წესი არის გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს.
ბოლოსდაბოლოს, წმინდა წირვა, რომელსაც აღვასრულებთ ყოველდღიურად, სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აღასრულა მაცხოვრამა საიდუმლო სერობისას”, – განაცხადა დეკანოზმა „TV პირველის“ ეთერში ჩართვისას.
ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებს დეკანოზი შალვა კეკელია. მან მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ეკლესიას არადროს დაუსვამს კითხვა იმის შესახებ, რომ ზიარებიდან შეიძლება, ადამიანს რაიმე სენი დაემართოს.
„საუკუნეების განმავლობაში, რაც ეკლესიაში არსებობს წესი ზიარებისა, არასდროს დასმულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზიარებიდან შეიძლებოდა, ადამიანს რამე სენი გადასდებოდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველა მამის აზრი. ეკლესიას არადროს დაუსვამს კითხვა იმის შესახებ, რომ ზიარებიდან შეიძლება, რამე სენი დაემართოს ადამიანს. დღეს ამაზე ლაპარაკი არის ურწმუნოებაზე საუბარი.
პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ასეთ რამეს ეპისტოლეში: ზიარებას ვინც ურწმუნოდ მიეახლება, მისთვის ზიარება იქნება დამსჯელი. ადამიანს ზიარების დროს ეჭვი რომ გაუჩნდეს, შეიძლება, მართლა დაავადდეს“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, ეკლესია ადამიანების რწმენის გაძლიერებას ემსახურება.
„ეკლესიამ ადამიანების რწმენა კი არ უნდა შეარყიოს, პირიქით, ეკლესია ვალდებულია, ადამიანებს რწმენა განუმტკიცოს. მაცხოვარი გვეუბნება ჩვენ: ეს არის ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი და თქვენ იღებთ ამას საცხონებლად, გადასარჩენად და საკურნებლად სულისა.
ვაფრთხილებ მრევლსაც – თუ შენ ეჭვი გეპარება, ჯობს, საერთოდ ნუ მოხვალ, წესი კი არ უნდა შეცვალოს ეკლესიამ ზიარებისა, შენ თუ იმდენი სარწმუნოება არ გაქვს, რომ ქრისტესთან მიდიხარ საზიარებლად, ჯობს, საერთოდ არ მოხვიდე ეკლესიაში, არ ეზიარო იმიტომ, რომ ეს სულის დამღუპველი იქნება“, – განაცხადა მამა შალვამ.
სასულიერო პირების განცხადებებთან დაკავშირებით დღეს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ზიარების პრაქტიკასა და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავოს პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შეთავაზებას დათანხმდა და ეკლესიების დეზინფექცია დაიწყო.
ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს, ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალოს. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.
„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კვირა“ კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. დავინტერესდით, რა იცვლება და რა ზომები ტარდება საქართველოს კათოლიკურ ეკლესიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ალექსანდრა მარგველაშვილმა განგვიცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით ტაძარში ტარდება დეზინფექცია, დაცულია დისტანცია ადამიანებს შორის.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მეუფე ჯუზეპე პაზოტომ სპეციალური დეკრეტი გამოსცა. დეკრეტში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ მიდგომასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.
„გარდა ყოველივე იმისა, რაც დაგვავალა კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, გატყობინებთ, რომ ამ პანდემიის პერიოდში:
1. ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ, ასევე, ნაკურთხი წყალი სასმელად;
2. მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;
3. წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს, თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება .
4. თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.
5. თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ, სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა, მისამართზე: www.youtube.com/ The Media of the Catholic Church in Georgia 12.00სთ-ზე)
6. ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა უნდა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.
7. ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინეთ დაიბანონ ხელები.
8. ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ.: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში)
მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის“, – ნათქვამია მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ გამოცემულ დეკრეტში.
როგორც ალექსანდრა მარგველაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელია, დამატებით სხვა წესებიც შემოიღონ.
„ბევრი არ დადის ეკლესიაში, არის გარკვეული შიშები. ვინც დავდივართ, წესებს ვიცავთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებით, ლოცვის წესი იცვლება მეჩეთებშიც. 2 დღის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში კორონავირუსთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. კორონავირუსთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით, ქალაქ ბათუმის ოფისში მუნიციპალიტეტების მუფთები და თეოლოგები შეიკრიბნენ.
„სხდომაზე სასულიერო პირების მიერ მიღებული იქნა შემდეგი რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მკაცრად ევალებათ მლოცველებსა და იმამებს:
დაიცვან სამლოცველოებში ჰიგიენის წესები და პერიოდულად ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები;
ლოცვის წინ და ლოცვის შემდეგ, მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით შემოიფარგლონ, არ ჩამოართვან ხელი და არ გადაეხვიონ ერთმანეთს, ნუ გამოიყენებენ საერთო სარგებლობის კრიალოსანს და, ლოცვის დასრულების შემდეგ, არ ჩამოისვან ხელები სახეზე; რეკომენდებულია, იქონიონ საკუთარი სალოცავი ხალიჩა;ხანდაზმულებმა, ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა და ისინი, ვისაც რესპირატორული დაავადებების სიმპტომები აღენიშნებათ, არავითარ შემთხვევაში არ მივიდნენ მეჩეთებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში;
მიუხედავად იმისა, რომ, ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაათით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს, მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს და სახელმწიფოს ოფიციალური უწყებების მხრიდან არ უნდა იყოს რაიმე სახის შეზღუდვა. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი პირობის შესაბამისად:
მაღალი საფრთხის მქონე ადგილებში არსებულ მეჩეთებში შესრულდეს მხოლოდ ლოცვის სავალდებულო ნაწილი (ფარძი და ხუტბა), ხოლო ნებაყოფლობითი ნაწილი (სუნნეთი ლოცვები) შესრულდეს სახლებში, დროებით შეჩერდეს ქადაგება, რომელიც პარასკევის ლოცვის დროის დადგომამდე სრულდება, რითაც შემცირდება მეჩეთებში მლოცველთა ხანგრძლივი დროით გაჩერება;
ვირუსის გავრცელების მასშტაბებისა და რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით – ცენტრალურ და ხალხმრავალ მეჩეთებში, გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ გაივლის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, მლოცველს შეუძლია, თავი შეიკავოს პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. ამ შემთხვევაში, პარასკევის ლოცვის ნაცვლად პიროვნება ინდივიდუალურად შეასრულებს შუადღის ლოცვას საკუთარ სახლში“-ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა. მან კოლეგებს ღია წერილით მიმართა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცლების მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება სთხოვა.
მისი თქმით, ადამიანი მოწყვლადია ამ ვირუსთან მიმართებით ხალხმრავალ ადგილებში, რომელთა შორისაც, იგულისხმება რელიგიური დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობები: ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ზიარათები და ტაძრები.
„იმის გამო, რომ ვირუსი ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში უფრო იოლად ვრცელდება, საგანგებო მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე არ უგულებელყონ შემოთავაზებული რჩევები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ რჩევების პროპაგაციაში თავიანთი რელიგიური თემების წიაღში.
საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება, გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი. ევქარისტია ყოველთვის იყო და დარჩება ქრისტიანული რელიგიური პრაქტიკის გულისგულად. ევქარიტიული პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის თეოლოგიაზე“, – აცხადებს სონღულაშვილი.
თამუნა შეყილაძე