ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პოლიციის, პატრულის, საფინანსო, შემოსავლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებმა რწმუნებულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა სამუშაოები ხორციელდება ამ ეტაპზე რეგიონში.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა სამსახურის კოორდინებულად მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები. ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ისინი დარჩნენ სახლში“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სპაცენტრები და სხვა მსგავსი სახის დაწესებულებები. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, იმერეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასევე, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე ჩართულნი არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში.