ირაკლი ჩიქოვანი: რეკომენდაციები, რომლებსაც მთავრობა იძლევა, სავალდებულოა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება
პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად გატარებული ღონისძიებების ფარგლებში კაფე-ბარებისა და რესტორნების დაკეტვის რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები სავალდებულოა.
“პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მოხსენდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომლებიც ადრე იქნა გაცემული და დაკავშირებულია კაფეების, ბარების, რესტორნებისა და სხვადასხვა დარბაზების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. აკრძალვები უკვე ამოქმედდა, რეკომენდაციები უკვე მოქმედებს.
სამწუხაროდ, არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომელთაც ვერ შეძლეს, ადეკვატურად აღექვათ ის რეკომენდაცია, რომელიც გავეცით. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო, შესასრულებელი და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება. აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებას სახელმწიფო უფრო მკაცრად გააკონტროლებს”, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.