კახეთის გუბერნატორმა და დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა რეგიონში ამოქმედებულ რეგულაციებსა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

კახეთის რეგიონში, საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანების რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში, 33-დან 130-მდე გაიზარდა და სპეციალურად მოწყობილ ორ სასტუმროს მესამე დაემატა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს მხარის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

ხიზანიშვილის ცნობით, კარანტინში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.
კახეთში, ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 198 ადამიანია, მათგან 11-ს ვალდებულება გუშინ მოეხსნა. სამმა მოქალაქემ კი თვითიზოლაციის წესი დაარღვია, რის გამოც ისინი იძულების წესით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
ხიზანიშვილის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, ლაგოდეხის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ხუთმა მოქალაქემ გადმოკვეთა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრიფინგზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა კი ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერის – გიორგი გახარიას ახალი რეგულაციები გააცნო.

დღეიდან, კახეთის მასშტაბით კერძო სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა, რაც ირაკლი ქადაგიშვილმა  კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პრევენციად შეაფასა.
ქადაგიშვილის თქმით, უმჯობესი იქნება, კომპანიებმა თავად იზრუნონ მომსახურე პერსონალის გადაადგილებაზე, რათა თავიდან იყოს აცილებული კორონავირუსის შიდა გავრცელება.
“დღეიდან აკრძალულია ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება რეგიონის მასშტაბით. დღეს ქვეყანაში არ არის გადაადგილების და მოგზაურობის დრო. ტრანპორტით გადაადგილება უნდა იყოს დაყვანილი მინიმუმამდე. ყველა უწყებას განესაზღვრა რა კატეგორიის თანამშრომლები ჭირდებათ. ყველა ეს უწყება ვალდებულია, რომ უზრუნველყოს თავისი თანამშრომლის ტრანპორტირება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ბრიფინგზე, ასევე, ყველა ის აკრძალვა განიხილეს, რაც პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გამოსცა. კახეთის რეგიონის მასშტაბით, გარდა სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებისა, იკრძალება ბარ-რესტორნებში თავშეყრა, კვების ობიექტები ადგილზე მიტანის სერვისზე გადადიან, ასევე იზღუდება თავშეყრის ადგილებში გაჩერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში მოხდება ოჯახის ექიმის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გააქტიურება და მათი მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები