ირაკლი ჩიქოვანი: საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განსხვავებულ რეჟიმში განაგრძობს
“საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განსხვავებულ რეჟიმში განაგძობს, რომელიც ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“უწყებათაშორისი კომისია განაგრძობს მუშაობას პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, საკითხების რაოდენობა არის ძალიან ბევრი და, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განაგრძობს განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას.
პრემიერმინისტრმა მოისმინა ინფორმაცია, რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსის თვალსაზრისით, ასევე, მან მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა დამატებითი სიმძლავრეები იქნა მოძიებული ჯანდაცვის სისტემაში, რათა მზად დავხვდეთ შესაძლო გართულებებს. დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ შეადგინა 38. უმეტესობას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით.
საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 216 პირი. მათთან მიმართებაში ხორციელდება ყველა განსაზღვრული ღონისძიება.
პრემიერმა, ასევე, მიიღო ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისგან, თუ რა ვითარებაა სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით, ასევე, დამატებითი ტესტირების შესაძლებლობების გაზრდისათვის ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.