პაატა იმნაძე: როცა ვამბობთ – დარჩი სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოხუცებს ეს ვირუსი არ მივუტანოთ, ისინი ამას ყველაზე მძიმედ გადაიტანენ

“როცა ვამბობთ – დარჩი სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოხუცებს ეს ვირუსი არ მივუტანოთ, ისინი ამას ყველაზე მძიმედ გადაიტანენ”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
იმნაძემ განმარტა, თუ რატომ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა კარანტინისა თუ თვითიზოლაციის წესები.

„პირველ ყოვლისა, პირველ ეტაპზე და ეს ეტაპი, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება, საზღვარგარეთიდან ჩამოსულები, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან, ასევე, სხვა მაღალი დასენიანების მქონე ქვეყნებიდან, კარანტინში ან თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. ეს რას ნიშნავს?ყველა ჩამოსული პოტენციურად შეიძლება იყოს ავადმყოფი, ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 14 დღემდე, უმრავლეს შემთხვევებში ის უფრო ადრეც ვლინდება. არის ცალკეული გამონაკლისები, როცა შემდეგაც ვლინდება, მაგრამ გამონაკლისებზე ვერ აიგება სტატისტიკა.

100 000 შემთხვევა რომ იყო ჩინეთში, იქ იყო გამონაკლისი, ჩვენთან, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ამიტომ 14 დღეს ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში, რათა თუ მას ამ 14 დღის განავლობაში გამოუვლინდება დაავადება, მან არ გადასდოს სხვას.

საგანგებო მდგომარეობაში ჩვენ ყველა ვართ ამ მდგომარეობის გამოუცხადებლად. ყველაფერი კეთდება, ჯერჯერობით, ისე, რომ რაღაც დამატებითი ინსტრუმენტები მთავრობას არ სჭირდება. მაგალითად, ჩვენი ცენტრი და ექიმები ამ მდგომარეობაში ორი თვეა ვცხოვრობთ. წარმოადგინა მინისტრმა გეგმა, რომლითაც უკვე გამზადებულია ის საწოლთა ფონდი, რომელიც პირველი მიიღებს, ასე ვთქვათ ,დარტყმას თავის თავზე . ზოგიერთმა საავადმყოფომ უკვე მიიღო პირველი პაციენტები. თუ საჭირო გახდა, შემდეგ ჩაერთვება ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც კერძო სექტორია და ისინიც უკვე პაციენტების მისაღებად მზად არიან.

მთავარი იქნება ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მოხუცებისადმი, ჩვენი ხანდაზმულებისადმი. რომ ვამბობთ – სახლში დარჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში რომ დავრჩეთ, არ მივუტანოთ ჩვენს მოხუცებს ეს ვირუსი, ისინი გადაიტანენ ყველაზე მძიმედ. მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გაითავისოს, რომ მე რომ ავად გავხდები, ახალგაზრდა თუ ვარ, ადვილად გადავიტან, მაგრამ შეიძლება ჩემი ოჯახის წევრები, ხანდაზმულები სასიცოცხლო რისკის ქვეშ დავაყენოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები