აშშ–ის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ჩინეთში აკრედიტაციას გაუუქმებენ – პეკინის პასუხის პასუხი
მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პეკინი და ვაშინგტონი მედიაომს აწარმოებენ.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე კვირის წინ პეკინმა Wall Street Journal–ის სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა და ქვეყნიდან გააძევა. ამის მიზეზი გახდა მასალა, რომელიც გაზეთმა კორონავირუსთან დაკაშირებით გაავრცელა სათაურით “ჩინეთი აზიის ნამდვილი ავადმყოფია”. პეკინში სათაური დაგმეს, რედაქციაში კი ბოდიშის მოხდაზე უარი თქვეს.
ამის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვების თანახმად, 13 მარტისთვის აშშ–ის ტერიტორიაზე მომუშავე ჩინეთის ოთხ სახელმწიფო მედიასაშუალებას კადრები უნდა შეემცირებინა, ქვეყანა, ჯამურად, 60 თანამშრომელს უნდა დაეტოვებინა, ადგილზე 100 უნდა დარჩენილიყო. საუბარია China Radio International–ზე , China Daily–ზე, China Global Television Network –სა(CGTN) და “სინჰუა”–ზე.
გუშინ კი პეკინმა New York Times–ის, Wall Street Journal–სა და Washington Post–ის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, დაუწესა მუშაობაზე შეზღუდვა “ამერიკის ხმასა” და ჟურნალ Time–ს.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული მედისაშუალებების ჟურნალისტების აკრედიტაცია, რომელიც ძალაში წლის ბოლომდე იყო, 10 დღეში გაუქმდება. ჟურნალისტები ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შეძლებენ მუშაობას, ჰონგ კონგისა და მაკაოს ჩათვლით. გარდა ამისა, პეკინში მოითხოვეს, მედისაშუალებებისგან წარადგინონ ინფორმაცია თანამშრომლების, მათი ფინანსური საქმიანობის და მათ საკუთრებაში არსებული ჩინეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესახებ.
პეკინის გადაწყვეტილების კომენტირებისას, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა იმ ჩინურ ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ–ის ტერიტორიაზე ჩინური პროპაგანდით არიან დაკავებული. პომპეოს თქმით, “ჩინეთის გადაწყვეტილება მსოფლიოს თავისუფალი პრესის საქმიანობის შესაძლებლობას ართმევს, რაც ჩინეთის მოსახლეობასაც მოუტანდა სარგებელს ამ რთულ ვითარებაში”.