გიორგი გახარია: პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა, რომლებიც მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ, სულ სხვა განზომილებაა, სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ ქმედებას
“პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა, რომლებიც მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ, სულ სხვა განზომილებაა, სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ ქმედებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენებს შესაძლებელია, განსხვავებული შეფასებები ჰქონდეს.
“ეს პოლიტიკაა. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვა. შეიძლება იყოს ფასი, რომ 20 ივნისი იყო ჩვენთვის ის მძიმე დღე, როდესაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში მესამედ, ალბათ, მცდელობა პარლამენტში შეჭრისა არ დავუშვით. შეიძლება, ასეთი შეფასებაც იყოს. შეიძლება, იყოს სხვა სახის შეფასება, რომ 20 ივნისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაამეტეს, მათ გამოიყენეს ლეგიტიმურად ძალა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ამ ძალის გამოყენება იყო გადამეტებული, მაგრამ აქ ყველგან არსებობს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე – პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და თუ რამდენი სამართალდამცველი დაისაჯა ამის გამო, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:
„პარლამენტზე რამდენი თავდამსხმელი დაისაჯა? მიპასუხეთ აბა. პოლიციელებზე გამოძიებაც მიმდინარეობს და მათი დევნაც დაწყებულია. ამაზე, უბრალოდ, უნდა დაინტერესდეთ და ნახავთ, ეს ციფრები ყველგან არსებობს და პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა, რომლებიც მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ, სულ სხვა განზომილებაა. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ ქმედებას”, – აღნიშნა პრემიერმა.