სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ ბიზნესკვლევების სახლს გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ,,ბიზნესკვლევების სახლი’’ დააფუძნა. ე.წ. Think Thank-ს გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მუშაობა მიმართული იქნება პრო ბიზნესხედვების ჩამოყალიბებისა და ბიზნესზე გავლენის მქონე გარემოებების ანალიზისკენ. ასევე, შეიმუშავებს ბიზნესის ხელშემწყობ რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის.
,,კვლევითი სახლის მიზანი იქნება ბიზნესკვლევების ჩატარება, პოლიტიკის ანალიზი, მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების ბიზნესის ჭრილში დანახვა, მათ შორის, კვლევაზე დაფუძნებული პოზიციების ჩამოყალიბება და ლობირება. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური და ფინანსური კუთხით საჯარო დისკუსიების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზების გზით. ამ მიმართულებით, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ წრეებთანაც’’, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
მისივე თქმით, უმოკლეს დროში მოხდება საბჭოს ფორმირება, რომლის ფუნქცია Think Tank-ის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა იქნება.