პარიზი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოსული 46 მგზავრი საკარანტინო პერიოდს თელავში, სასტუმრო “სავანეთში” გაივლის.
მგზავრებიდან ყველა საქართველოს მოქალაქეა და მათ სასტუმროს პერსონალი სრული ეკიპირებითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოემსახურება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება.
“საფრანგეთიდან ჩამოსული მგზავრები დაექვემდებარნენ საკარანტინო წესს. თავს კარგად გრძნობს თითოეული მათგანი და სასტუმროში ყველა პირობა, რაც ასეთ დროს საჭიროა, დაცულია”, – განაცხადა კახეთის რეგიონში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 46-ვე მგზავრის ჯანმრთელობის მონიტორინგს მათთან მყოფი ექიმები განახორცილებენ, ასევე სასტუმროსთან 24-საათიან რეჟიმში მობილიზებული იქნება დაცვის პოლიცია.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყველა მათგანი 3 ქვეყანას უკავშირდება – ირანი, ესპანეთი და იტალია. ამასთან, დღეს დადასტურდა ვირუსის მესამეული გადაცემა, რომლის ისტორიაც ასევე ცნობილია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამინია.