ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატები შეიძინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეებისათვის, რომლებიც პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებენ, ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატები (ჟანგბადის კონცენტრატორები) შეიძინა. მათი გადაცემა ჟანგბადის აპარატზე დამოკიდებული მოქალაქეებისათვის, სახლში სამკურნალოდ, სრულიად უფასოდ მოხდება.
აპარატები დიდი შეღავათი იქნება ოჯახისათვის, რომლებსაც მათი დაქირავება ხანგრძლივი დროით, მნიშვნელოვან თანხებთან იყო დაკავშირებული.
კონცენტრატორები დღეს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მომსახურების გაწევისათვის ბორჯომის სამედიცინო ცენტრს გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა საჭიროებიდან გამომდინარე, მერიამ 4 კონცენტრატორი 2 წლის წინათაც შეიძინა.