„ანგელოზების ხატვისას ჩემს შვილიშვილებზე ვფიქრობ“…

ბავშვობიდან ახსოვს  თბილი და საოცრად ლამაზი თბილისი. უკვე მაშინვე გარემოს მხატვრის თვალით აღიქვამდა, ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და ფერებს ეზიარებოდა.
ისე მოხდა, რომ ხატვას ვეღარ გაჰყვა, აგროინჟინრისა და ხელოვნებათმცოდნის პროფესიას დაეუფლა, მაგრამ მთელი ცხოვრება ოჯახის საქმეებში იყო ჩაფლული.
წლების შემდეგ, როგორც ამბობს, ისევ მიუბრუნდ საყვარელ საქმიანობას. ხატვის გარდა ქმნის  ხელნაკეთ  აქსესუარებ პოლიმერული თიხით, მუშაობს თექაზე, თიხაზე, ქვაზე. – თვითნასწავლი ხელოვანის,  დარეჯან ქემოკლიძის პერსონა.

– დავამთავრე 51-ე საშუალო სკოლა. ვცხოვრობდი ზემო ვერაზე და მყავდა სხვადასხვა ეროვნების უამრავი მეგობარი.
ბავშვობა  ლაღი და ბედნიერი მქონდა, მშობლები მე და ჩემს და-ძმას ყოველთვის გვერდში გვედგნენ. მახსოვს  თბილი და საოცრად ლამაზი თბილისი.
იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა დაამთავრეთ...
– პირველი ნახატი არ მახსოვს. სულ ვხატავდი და ალბათ მაგიტომ. ნიკოლაძეში ვსწავლობდი, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და სიხარულით მივდიოდი ყოველ გაკვეთილზე.
ორი პროფესია გაქვთაგროინჟინერი და ხელოვნებათმცოდნე ხართ
– დავამთავრე მელიორაციის ფაკულტეტი. ვარ დიპლომირებული აგროინჟინერი, თუმცა მხოლოდ დიპლომირებული, რადგან  არასდროს მიმუშავია, სტუდენტობა კარგი მქონდა, საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, თუმცა ჩემი მოწოდება არანაირად არ იყო მელიორაცია. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე უკვე წლების შემდეგ ჩავაბარე და მქონდა არაჩვეულებრივად საინტერესო ლექციები.
ხატვას გვიან ისევ მიუბრუნდით
– ხატვა ისევ დავიწყე წლების შემდეგ. მანამდე ხან ვქარგავდი, ხან თექაზე ვმუშაობდი, პოლიმერული თიხით სამკაულებს ვაკეთებდი, ბავშვების პატრონს ეს უფრო მიადვილდებოდა, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა სულ და  ხატვა თავიდან დავიწყე. ყვავილებს ვხატავდი შემდეგ.
უფრო მეტად ანგელოზებს ხატავთ. რატომ?
– ახლა სულ მინდა, რომ ანგელოზები ვხატო. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მათი ხატვა, ვხატავ და ჩემს თავს ვატყობ, რომ სულ ვიღიმი.
ძალიან მიყვარს ბიჭი ანგელოზი, გაბუტული და მოწყენილი (მართალია ანგელოზს სქესი არა აქვს, მაგრამ მაინც).
ანგელოზების ხატვისას ჩემს ბავშვებზე ვფიქრობ, ეს ბიჭი-ანგელოზი რომ დავხატე, სულ პატარა შვილიშვილს – ილიას მივამსგავსე და ხატვის პროცესში მართლა მასზე ვფიქრობდი.
ალბათ არიან შეძენის მსურველნიც
გვერდი ჯერ არ მაქვს,  ჯერჯერობით  ჩემთვის ვხატავ და ვამბობ, რომ ეს არის ჩემი არტთერაპია, თუმცა თუ მსურველები იქნებიან, რატომაც არა.
ხატვის გარდა ხელნაკეთ სამკაულებსაც ქმნით
– ხატვის გარდა ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს პოლიმერული თიხით, რომელიც მოხატული მაქვს გუაშით.
ჰობი
– ხატვა, თექა, თიხა ჯერჯერობით ჰობია, ახალია ქვაზე ხატვა, ძალიან მიყვარს ყვავილებით კომპოზიციების შექმნა.
საოცრად მიზიდავს მთაში სიარული და სამკურნალო მცენარეების შეგროვება.
ოჯახი
– ძალიან ადრე გავთხოვდი. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი.
გამოფენები და სამომავლო გეგმები...
– მხოლოდ ერთხელ შემოქმედ ქალთა გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ახლა ვფიქრობ უფრო სერიოზულად მივუდგე ამ ჩემს გატაცებას და ყოველდღიურ საქმედ ვაქციო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები