რუსუდან თევზაძე: კორონავირუსთან დაკავშირებით მინდა, მადლიერება გამოვხატო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული მოქალაქე

“კორონავირუსთან დაკავშირებით მინდა, მადლიერება გამოვხატო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული მოქალაქე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.

ის თხოვს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, ნუ ცდილობენ საკითხის პოლიტიზირებას.

“კორონავირუსთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულად მივიჩნევ თავს, მადლიერება გამოვხატო ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ნამდვილად დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული მოქალაქე და მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ცხადია, ასევე, მადლობა ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, რომელთაც თავი გადადეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უმაღლესი რანგის პროფესიული უნარები გამოავლინეს.

საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა გითხრათ, რომ ყველა ტიპისა და, მით უფრო, სოციალური უსაფრთხოების ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მედეგობის შენარჩუნება, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვანი და ადეკვატური ღონისძიებების გატარება განაპირობებს.

ამ მოცემულობის დაცვას კარგად ახერხებენ სახელმწიფო უწყებები, თუმცა, სამწუხაროდ  იმავეს ვერ ვიტყვი ყველა მედიასაშუალებაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ცდილობს, გარკვეული ტიპის დისონანსი და გაუგებრობა შეიტანოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით გაჯერებულ გუნდურ მუშაობაში.

ყველა იმ მედიასაშუალებასა და ყველა იმ ცალკეულ ჟურნალისტს უმორჩილესად გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ საკითხის პოლიტიზირებას, გთხოვთ, იმოქმედოთ მხოლოდ სახელმწიფოებრივი კორპორატიული ინტერესების გათვალისწინებით.

ნუ ვაჩვევთ საზოგადოებას ტყუილსა და ნეგატივს, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ამგვარი შეჩვევა სოციალური ქცევის ნაწილია. აუცილებლად მინდა, ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ, რომ დაგარწმუნოდ, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს შეჩვევის მომენტს ადამიანის რეაგირების ნაწილში.
ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო უსაფრთხოების მზაობისთვის ჩატარებული სიმულაციური ევაკუაცია არ უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადებში განმეორებადი, იგი უნდა ჩატარდეს კვოტირებულად დროსა და სივრცეში, რომ არ მოხდეს ადამინის მხრიდან მასთან შეგუება და, საბოლოოდ, იმგვარი გათავისება, რომ რეაგირება გადავიდეს მილევად ფაზაში.

სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ, გარდაცვალებასთან მიმართებითაც კი ასეც დაგვემართა, ისიც კი გაუბრალოვდა და სულ არაფერი გახდა ჩვენთვის.

ჟურნალისტებო და პოლიტიკოსებო, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაისახავთ მიზნად, საზოგადოების ნიჰილიზმში გადაყვანის ხარჯზე საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
არაა ეს სახელმწიფოებრივი”, – წერს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები