რა შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს „პატრიოტთა ალიანსი“ საარჩევნო სისტემის ცვლილებებს – პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადება
“მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ განსაზღვრავს იმას, რომ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა.
თევდორაძე საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება120/30-ზე სისტემას, რომელზეც შეთანხმება მოხდა: ჩვენ დავეთანხმეთ ამ სისტემის არსებობას საქართველოში. დავეთანხმეთ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – კონსენსუსი რომ არ დაგვერღვია. თორემ ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი სისტემა. მოხდა გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მივიღეთ ძალზე ცუდი სისტემა და რატომ: 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, ეს თავის ტკივილია ხელისუფლების, ცესკო-სი და ყველასი. წარმოიდგინეთ: დღემდე გვქონდა ვანისა და ხონის გაერთიანება ერთ ოლქად. დღეს ესეც არაა საკმარისი, ვანი, ხონი, ალბათ, წყალტუბოს, ბაღდათის გარკვეული ნაწილი და ა.შ. ჩამოყალიბდება ერთ ოლქად. ყველანი ვხედავთ, რომ დღეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არის ლეგალიზებული საქართველოში. 2000 ლარია ყველაზე დიდი ჯარიმა, ამას დასჯა არ ჰქვია. ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებას არჩევნებში 20-25 %-ს მაინც აძლევს. როდესაც ისეთ ამორფულ ოლქში, როგორიც იქნება ვთქვათ ვანი, ხონი წყალტუბოს თუ ბაღდათის გაერთიანება, როგორ შეიძლება, ოპოზიციურ პარტიას ჰყავდეს ისეთი კანდიდატი, რომელსაც იმდენი ცნობადობა აქვს, რომ ოთხივე ამ რაიონში ჰქონდეს თანაბრად მაღალი მხარდაჭერა?
მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ განსაზღვრავს იმას, რომ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება. ამასთან ერთად უთუოდ საჭიროა, საარჩევნო გარემო იცვლებოდეს. ამისთვის კი საარჩევნო კოდექსი უნდა იცვლებოდეს. ისევ და ისევ მოვითხოვთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება დასჯადი იყოს სისხლის სამართლის წესით, რადგან არჩევნების გაყალბება მძიმე დანაშუალია.
ჩავერთვებით განხილვის პროცესში, ხელისუფლების მიმართ მოწოდება გვექნება.
თუ 40%-ზე მეტი არ დასჭირდება ხელისუფლებას ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომ უმრავლესობით მოვიდეს, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ მოხდება, ჩვენ მაშინ ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ”, — განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
თამუნა შეყილაძე