ირაკლი კობახიძე: ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით თეორიულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ეს არის პრეზიდენტი

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებით თეორიულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ეს საქართველოს პრეზიდენტია.

მისივე თქმით, შეთანხმებაში, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ხელი მოაწერა, წერია, რომ დამოუკიდებელ ორგანოებზე პოლიტიკური გავლენა უნდა გამოირიცხოს.

„თითოეული საკითხი გადაწყდება ინდივიდურად, როგორც ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს – უგულავას საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ შეწყალებასთან. ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც თეორიულად შეუძლია რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება თამლიანის შემთხვევას – აქ თვითონ მის ხელშია გათავისუფლება. პროკურატურა ითხოვს აღიარებას და თუ აღიარება იქნება, გათავისუფლების თვალსაზრისით არანაირი დაბრკოლება აღარ იქნება. ინდივიდურად უნდა გავყვეთ თითოეულ შემთხვევას და თითოეულ შემთხვევაში, სამართლებრივი საფუძვლის პრინციპის შესაბამისად, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, წერია ძალიან მნიშვნელოვანი რამ: უნდა გამოირიცხოს რაიმე ტიპის პოლიტიკური გავლენა ნებისმიერ დამოუკიდებელ ორგანოზე. თუ ვინმე ეტყვის პროკურატურას, რომ თვალი დახუჭოს ბრალის არაღიარებაზე, ეს იქნება სწორედ პოლიტიკური ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში, რასაც ჩვენ მიერ ხელმოწერილი შეთანხმება გამორიცხავს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები