ლევან დავითაშვილი: სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანლის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო თავად იური ნოზაძეს ინფექცია არ დაუდგინდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროში, პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანლის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, სამინისტრომ გაატარა სადეზინფექციო სამუშაოები – ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის არ დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკი სამინიტროში კორონავირუსის გავრცელებისა ამ წყაროთი არ არსებობს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მივლინებები გააუქმა.

“მე სატელეფონო კონტაქტი მაქვს ბატონ იურისთან რეგულარულად. ის თვითიზოლაციაში იმყოფება პარასკევიდან მიუხედავად იმისა, რომ მისი ანალიზის პასუხები უარყოფითია – მას არ აქვს კორონავირუსი, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს რისკს და გადამდები არ არის თანამშრომლებისთვის. ჩვენ მივყვებით რეკომენდაციებს, რომელიც არის თვითიზოლაცია 2 -3 კვირის განმავლობაში. ის კარგად არის მიუხედავად იმისა, რომ მას ვირუსი აქვს და მე მგონი, მნიშვნელოვანია, გავითავისოთ ისიც, რომ მიუხედავად თანამდებობისა, პოზიციისა, საზოგადოებაში მისი მდგომარეობისა, ვირუსი შეიძლება, შეხვდეს ყველა ადამიანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია და რეაგირება ამ გამოწვევებზე”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები