“ეს არის გარყვნილების შეტანა სკოლებში” – გურამ ფალავანდიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას აანონსებს
“ბავშვთა უფლებების საზოგადოების” თავმჯდომარე – გურამ ფალავანდიშვილი, ახალგაზრდული ცენტრ “ზნეობას” წარმომადგენელი – დავით ლორთქიფანიძე და სასულიერო პირები ხვალ ტელეკომპანია “TV პირველთან“ 19:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ.
ამის შესახებ მათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, “TV პირველი” ბავშვების გარყვნის პროპაგანდისტია.
„26 თებერვალს “TV პირველის” ეთერში გავიდა ძალიან ცუდი გადაცემა, რომელიც მიძღვნილი იყო სკოლებში სექსუალური განათლების შეტანის აუცილებლობაზე. რეალურად, ეს ის თემტიკაა, რომლითაც უნდათ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის გარყვნა. ასეთი მცდელობები ჯერ კიდევ ბატონი კარტოზიას პერიოდიდან იყო, მაგრამ საზოგადოების პროტესტის შედეგად ვერ ახერხებდნენ ამას.
ეს არის გარყვნილების შეტანა სკოლებში. ბავშვებთან, უფროსკლასელებთან სურთ, შეიტანონ სექსუალური განათლება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიტანონ ინფორმაცია ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებზე, პრეზერვატივებზე. ანუ, საუაბარია იმაზე, მოდით, იმრუშეთ, ოღონდ ისე, რომ რაღაც ვენერიული დაავადება არ გადაგედოთ, აბორტს არ მიმართოთო და ა.შ. კიდევ ერთი თემაა: სექსუალური განათლება გულისხმობს მამათმავლობის გარყვნილების სწავლებსაც. ნებისმიერი ქრისტიანი მშობლის მოვალეობაა, ეცადოს, თავისი შვილის სიწმინდის დაცვას. სახელმწიფოც აქეთკენ უნდა იყოს მომართული, მაგრამ საპირისპიროს ვხედავთ.
“TV პირველის“ გადაცემაში ერთ-ერთ “ექსპერტად” მოწვეული იყო ვინმე ხატია ახალაია. შეგახსენებთ, რომ ეს ის ხატია ახალაიაა, რომელმაც “სექსუალური განათლების” ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც ის თავის მცირეწლოვან (4-5 წლის) შვილს სექსზე ესაუბრება და იქვე ასწავლის, რომ, მაგალითად, ბავშვს შეიძლება ჰყავდეს “ორი დედა” და ეს ნორმალურია“, – განაცხადა ლორქიფანიძემ.