„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფონდისთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთების შესახებ

ვეხმაურებით საგარეჯოს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის განცხადებებს „საპარტნიორო ფონდისთვის“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადმოცემასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია საკითხის შესახებ. ამის შესახებ “კვირას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს.

“„საპარტნიორო ფონდში“ შემოსულია პროექტი, რომელიც კახეთში  ზეთისხილის პლანტაციების გაშენებასა და ზეთისხილის საწარმოს აშენებას გულისხმობს. ინვესტორის მიერ წინასწარ იქნა მოძიებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საგარეჯოს რაიონში. სწორედ ეს მიწები (522 ჰექტარი მიწის ნაკვეთი) და კონკრეტულად ამ საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად გადმოეცა ფონდს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მიწების ნაწილი ადგილობრივებს იჯარით ჰქონდათ გადაცემული, „საპარტნიორო ფონდისთვის“ ცნობილი არ იყო, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებში ამ მიწებთან დაკავშირებით იჯარა ან სხვა ნებისმიერი ტიპის ვალდებულება არ ფიქსირდება.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ფონდი შეხვდა მათ წარმომადგენლებს, ბუნებრივია „საპარტნიორო ფონდის“ ინტერესში არ შედის დამუშავებული მიწების მათთვის ჩამორთმევა.

ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს საერთო სამუშაო პროცესი, რათა დადგინდეს „საპარტნიორო ფონდისთვის“ გადმოცემული  522 ჰა მიწის რა ნაწილი და კონკრეტულად რომელი ნაკვეთები არის სადავო. ამ ეტაპზე მათგან ველოდებით შესაბამისი იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას. ამის შემდეგ „საპარტნიორო ფონდი“ მზადაა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ინვესტორთან ერთად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ნათქვამი განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები